გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
ილია ჭავჭავაძის უცნობი, საყვედურნარევი წერილი აკაკი წერეთლისადმი

1-05-2018

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი განმანათლებლები ერთ დიდ საქვეყნო საქმეს იყვნენ შეჭიდებულნი, მათ შორის არცთუ იშვიათად აზრთა სხვადასხვაობასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, დღევანდელობისგან განსხვავებით, საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოღვაწე დიდმა ქართველებმა, ქვეყნისთვის ერთმანეთის მნიშვნელობაც ძალიან კარგად იცოდნენ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE, გთავაზობთ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ წერილს ილია ჭავჭავაძის მიერ აკაკი წერეთლისადმი მიწერილს, სადაც ილია, აკაკის, ახლადდაარსებულ გაზეთ „ივერიასთან“ თანამშრომლობას სთხოვს:


„ძმაო აკაკი, მე შენ ვერ გაგიკადნიერდი და ვერ მოგართვი ის დაბეჭდილი წერილი, რომელიც სხვებს გაუგზავნე. სხვები სხვანი არიან და შენ ერთი აკაკი ხარ. ამიტომაც, გარდა ჩემის საკუთარის წადილისა, მოვალეობამ მამულის-შვილობისამ მაიძულა ჩვენის ქვეყნის რჩეულისათვის რჩეული განსაკუთრებითი წერილი მომერთმია და მეთხოვნა გაგემშვენიერებინა ჩვენი გაზეთი შენის ნიჭის ნაშუქით. თუ აქამდე ეს წერილი დავაგვიანე, მაგას ნურც ჩემს განთქმულს ზარმაცობას მიაწერ, ნურც რომელსამე ავ-გუნებიან მოძრაობას ჩემის გულისას, რომელსაც შენ ყოველთვის სასიქადულოდ ეყოლები, როგორც უკეთესი მეომარი, ჩვენის ქვეყნის ბედნერებისათვის თავ-გაწირული. მიზეზი ის იყო რომ არ ვიცოდი სად იმყოფებოდი. ჯერ აქ მეგონე, ახალი წლის წინა ღამეს მოგიწვივე და პასუხად მომიტანეს,-ქალაქში არ არისო. დღეს შევიტყე, რომ ჩამოსულხარ და გწერ კიდეც.


გწერ და არ ვიცი, რა გთხოვო, და როგორ გთხოვო. რაც ხანი ჟურნალი „ივერია“ გამოდიოდა შენ ძალიან შორს უვლიდი, არ ეკარებოდი: ეგ ჩემთვის თუმცა დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ საწყენი კი არა, რადგანაც ვფიქრობდი, -იქნება ჩემი მიმართულება არ მოჰსწონს მეთქი. ეს ისეთი სამართლიანი საბუთია, რომ ვერა გონიერი და პატიოსანი კაცი წუნს ვერ დაჰსდებს, წინ ვერ აღუდგება, სიტყვას ვერ შეუბრუნებს, რაკი ეს ვიგულისხმე მეც კი ყურად ვიღე და დავდუმდი“.
დღესაც ამ ყოფაში ვარ შენ წინაშე, რადგანაც ჩვენს ახალ გაზეთს იგივე მიმართულება ექნება, რაც ძველს ჟურნალსა ჰქონდა და მეც იგივე, რაც უწინ. გულითადი წადილი მაქვს რომ შენმა სახელმა დაამშვენოს ჩვენი გაზეთი, გული მერჩის გთხოვო შემწეობა და გულის ხმათ აღებული საბუთი კი მაბრთხობს: ვაი ვაი თუ ეს თხოვნა ზნეობითი ძალდატანებაა და იმ კაცსა ჰოს თქმა გავუძნელო და არასიცა-მეთქი.


მე ჩემი სათქმელი გულახდილად გითხარი, გულახდილადვე ზედ ვუმატებ, რომ უშენობა ჩემის გაზეთისათვის დიდი დანაკლისი იქნება. ეხლა შენ იცი, მაინც და მაინც გთხოვ დარწმუნებული იყო, შემეწევი თუ არ შემეწევი, ორსავე შემთხვევაში, მე ერთი გულწრფელი მადიდებელი და დამფასებელი შენის 25 წლის ღვაწლისა ვყოფილვარ, ვარ და ვიქნები. შენის კეთილის მსურველი ილია ჭავჭავაძე“. (სტილი დაცულია)



NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930