17-04-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ისტორიული ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
აქციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს.
პროექტის ფარგლებში, ტაძრის ეზოში, ჯამურად, 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტის შემუშავებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.