17-04-2021
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა ქალი მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გახსნა. ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბუბა ლომუაშვილმა მსჯავრდებლების რესოციალიზაციის პროცესში მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული მომზადება, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.
ექსპოზიციაზე, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული თანხა კი მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
გამოფენა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა.
მსჯავრდებულებისთვის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის მქონე პროექტების კვლავაც განხორციელების მიზნით, მხარეებს შორის ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წარმომადგენელმა ნონა ქარციძემ.