29-04-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები მიმოიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობასა და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გენერალმა სერ სტიუარტ პიჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.