3-05-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა, სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ.-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია.
საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამმართველოს მაშველები.