გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზბეკეთის მოქალაქეს ტრეფიკინგის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა

4-05-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს-ს დაუსწრებლად, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოში ყოფნის დროს გ.ს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვით უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ.-ს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში თითქოსდა სამუშაოზე დასაქმებას დაჰპირდა. გ.ს.-მ მ.ხ. მოატყუა, რომ ქ.ბათუმში რესტორანში მიმტანად დაასაქმებდა და მაღალი ანაზღაურება ექნებოდა.


2018 წლის 4 თებერვალს გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

ვინაიდან გ.ს. მიემალა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით).

2018 წლის 3 მაისს გ.ს-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930