გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია ინტერვიუ
ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამის გამო დაიხრჩო, აბანოდან არ გამოვიდა

7-05-2018

სტიქიური უბედურებები ჩვენს დედაქალაქს არაერთხელ დასტყდომია თავს. ერთი მათგანი დაახლოებით 60 წლის წინაც მოხდა, მაგრამ ამ ხსოვნის გასაქრობად საგანგებოდ იმუშავა საბჭოთა სახელმწიფომ. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობენ ენით აუწერელი ჯოჯოხეთის თვითმხილველები და არსებობს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი გიჟი მარგო, რომელიც ორთაჭალის აბანოში იყო, როცა მოვარდნილმა წყალმა იქაურობა პირთამდე ამოავსო და ადამიანები აბობოქრებული მტკვრისკენ გაიტაცა. არსებობს მარგოს სიმღერა: "პარახოდი მიდის, მოდის, ქანაობს, კოხტა გოგო აბანოში ბანაობს..."


„როცა თბილისს თავს ახალი უბედურება¬ დაატყდა (2015 წლის სტიქია), რატომღაც ორთაჭალის აბანოებისკენ წავედი. ახლა ამ აბანოების ულამაზეს თაღებს შორის ასევე ულამაზესი ყვავილნარია. სკამებზე ჩამომსხდარ ხანში შესულ ადამიანებში შეიძლებოდა მომენახა 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობის მომსწრე. ჩემდა გასაკვირად, მივაგენი. ერთმა ხელი ჩამომართვა, - თემურ ლოლიევი ვარ, მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს. თუმცა, ჯობს, ძია ჟორას დაუცადო, მას აბანოებიდან ხალხი გამოჰყავდაო“ - წერს გაზეთ „კვირის პალიტრის“ კორესპონდენტი...


თემურ ლოლიევი: - 6 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს გორაზე სახლი ედგათ. იქიდან დავყურებდი, შიშველი ხალხი წყალს მტკვარში როგორ მიჰქონდა. მტკვარიც კალაპოტიდან გადმოდიოდა და აბანოებიდან წამოსულ აქაფებულ წყალს უერთდებოდა. ამ საშინელ სანახაობას თვალს ვერ ვაცილებდი. დედამ ხელი მტაცა და გაყვანა უნდოდა, მაგრამ თვითონაც გაშეშდა. გაიძახოდა, - უბედურები, უბედურებიო.


მაშინ აბანოების გარშემო გორებზე ბარაკები იდგა. აქ ძირითადად აზერბაიჯანელები და ქურთები ვცხოვრობდით. მაისის თბილი საღამო იყო. უცებ დიდი ხმაური გავიგონე. მეგონა, ხმა ციდან ჩამოდიოდა. თურმე - ტაბახმელიდან წყალს ყველაფერი მოაქვს, მოგლეჯილი ხეები, ქვა-ღორღი და ბოტანიკური ბაღიდან რომ პატარა მდინარე ჩამოგვიდის, იმას უერთდება. მდინარე აბანოებთან პატარა გვირაბით მტკვარში გადის, წყალმა ხეები და მიწა იმ გვირაბში გაჭედა... არადა, ეს მდინარე ზაფხულში ძლივს მოწანწკარებს.


-ამ მდინარეს დაბღის წყალი უნდა ერქვას, იმის გამო რომ საუკუნის წინ მასში პირუტყვის ტყავს ალბობდნენ და გამოქნიდნენ დაბაღები, ანუ ტყავის გამომყვანნი...


-ეგ სახელი ალბათ წიგნში წერია, ჩვენ არ ვიცით. ისე, აბანოების უბანში ძველად სამკერვალო იყო და ალბათ იქ კერავდნენ ტყავის ფეხსამოსს. მაგრამ მაგ წყალმა ხალხი დაღუპა... ჩემი თვალით ვნახე, წყალს შიშველი ხალხი მტკვარში როგორ მიჰქონდა. მიცვალებულების გამო ორთაჭალჰესის ფარები ჩაკეტეს, რომ მკვდრები ეპოვათ. ძალიან დიდი მსხვერპლი იქნებოდა - აქ თითო საერთო აბანოში 30-40 კაცი ბანაობდა და ასეთი 9 თუ 10 მაინც იყო.
წყალი კი 5 აბანოში შევარდა და იქაურობა ქვით და ტალახით აივსო და მიცვალებულები შიგ მოიყოლა. იმას ვინ გათხრიდა მაშინ, ან მიცვალებულებს ვინ დათვლიდა, ეგ სასტიკად აკრძალული იყო. მგონი, მაშინ ამის შესახებ არც არაფერი დაწერილა, არც რადიოში უთქვამთ რაიმე...


- რატომ არ უნდა ეთქვათ, სტიქიური უბედურება სახელმწიფოს ბრალი იყო?


-ეგ მაგათთვის უნდა გვეკითხა, ხალხს კი ყველაფერი გვახსოვს!..


ამასობაში ძია ჟორაც გამოჩნდა, ალიხანნადიროვი. რომ ვუთხარი, რატომ ვიყავი მისული, აბანოების თაღებზე გადამატარა და პირველივე, პაწაწინა ქუჩის თავში გაჩერდა, სადაც საუკუნოვანი და უკვე ამორტიზებული სახლებია. ძია ჟორა პირველივე სახლის შესასვლელთან გაჩერდა (ეს სახლი ბოლშევიკურ რევოლუციამდე ოფიციალური ბორდელი ყოფილა. - ავტ.).


- აი, ამ კარში შემყავდა ის ხალხი, რომელიც აბანოდან ამომყავდა...


-ანუ აბანო ამ სახლის წინ იყო?


- დიახ. და ახლა ალიევის მუზეუმია. აქ იყო მესამე პირველი და მესამე მეორე საერთო აბანო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ერთ ნაწილში კაცები ბანაობდნენ, მეორეში - ქალები. წყალი სხვა აბანოებშიც შევარდა, მაგრამ იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი და მეზობელს ნარდს ვეთამაშებოდი, ამ აბანოს ყველაზე კარგად ვხედავდი. საზარელ გუგუნს კივილი მოჰყვა - თურმე დაგუბებულმა წყალმა უკვე ხევს გადმოუარა და მესამე პირველ, ქალების აბანოში შევარდა. უცებ მეც შემიდგა წყალი ფეხებში... ჩემ მოპირდაპირედ აბანოს შეგლეჯილ კარში ტიტველი ქალი დავინახე, რომელიც საშინლად კიოდა. თურმე აბანო უკვე წყლით სავსეა და ვინც ჭყლეტას გადაურჩა, შეძლო და კიბემდე ამოვიდა. ახალგაზრდა ვიყავი, თან ისეთი ღონიერი, აგურს ხელით გავამტვრევდი, ამიტომ, ეტყობა, შიშზე არც მიფიქრია და აბანოსკენ გავვარდი. ამ ქალს რომ მივუახლოვდი და აბანოში ჩავიხედე, დავინახე, კიბეზე სხვა ქალებიც იდგნენ და წყლიდან მარტო თავები უჩანდათ... იმათ უკან კი აღარც თავები ჩანდა და აღარც აღარაფერი, მხოლოდ ტალახიანი წყალი... ზოგი ალბათ უკანასკნელ ამოსუნთქვას ინახავდა. მაგრამ ვინც წინ იდგა, გარეთ ისიც ვერ გამოდიოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ წყალი იმატებდა და იმატებდა, მეორეც, ახლა ალბათ, ამის წარმოდგენაც ძნელია, მაგრამ ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან.


-რას ამბობთ?


-ასე იყო. მეც არ გამომყვა ერთი ქალი, როცა გარეთ ვექაჩებოდი, მერე მეორეს მოვკიდე ხელი და უკან რომ მივბრუნდი, ის პირველი აღარც დამხვდა...

მოსახლეობამ სადარბაზოს კარი გააღო და ქალები იქ შევიყვანეთ. უცებ ერთი აზერბაიჯანელი ქალი გამოჩნდა ხალათებით ხელში - მთელი მეზობლები დაუვლია და ქალებისთვის კაბები მოჰქონდა. კაბები ხელიდან გამოვგლიჯე და დავუყვირე, - ახლავე ზემოთ, აღმართისკენ გაიქეცი, თორემ წყალი წაგიღებს-მეთქი... ამ დროს წვიმა თითქოს მიწყნარდა. თურმე სულ 15 წუთი უწვიმია და ამ მოკლე დროში დატრიალდა ეს ჯოჯოხეთი, მე კი მთელი საუკუნე მეგონა.


-მაშინ რამდენი მსხვერპლი იყო?


- აბანოებში ხალხი ყველა უბნიდან დადიოდა. საღამოობით ოჯახები მოდიოდნენ, ბავშვები მოჰყავდათ. იმ მორევში აბა, ბავშვი როგორ გადარჩებოდა? მაშინ ყურმოკვრით გავიგე, 8 ბავშვი დაიღუპაო. ავლაბარში ერთი სომეხი ოჯახი ცხოვრობდა, ამ ოჯახიდან 4 კუბო გავიდა - დედ-მამისა და შვილების.

ხალხი ტიროდა, იმ დღეს ამ აბანოში სადედამთილომ ებრაელი პატარძალი შესათვალიერებლად შეიყვანა და ორივე დაიხრჩოო...

სიკვდილი იმანაც დააჩქარა, რომ მაშინ აბანოებში დენის გაყვანილობა არ იყო წესრიგში, ზოგან, წყალი რომ მისწვდა, ხალხი დახოცა, თან შუქი გამოირთო, - აბა, ისედაც მიწაში ჩადგმული აბანო რომ ჩაბნელდება და თან შიგ წყალი შევარდება, იქ ადამიანს რაღა გადაარჩენს? იმიტომაც დაწერა ეგ ამბავი ნოდარ დუმბაძემ, - საუკეთესო ადამიანი იყო, აცხონოს ღმერთმა.

უღვთოდ არაფერი ხდება. ახლაც, თბილისი რომ დაიქცა, არც ეგ მოხდებოდა ისე. მე იეზიდი კაცი ვარ და მაგისი მწამს. ალბათ ბევრს ვაშავებთ ღვთის წინაშე და ეგ არის!..


1960 წლის 4 ივლისი - ზოოპარკის განადგურება


1960 წლის 4 ივლისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას ზოოპარკის ბინადრების სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ზოოპარკთან არსებული პარტორგანიზაციის სხდომის ოქმი ვიპოვეთ, რომელიც 1960 წლის სექტემბრით თარიღდება: "ამხანაგებო, თქვენ იცით თუ რა უბედურება დაატყდა თავს ზოოპარკს. წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით მტაცებელ განყოფილებას. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩვენ მიერ არ იყო გამოწვეული, ეს იყო ბუნების სტიქია, რომელთანაც ბრძოლაში სუსტნი გამოვდექით. დარჩენილია მცირე ნაწილი ცხოველებისა, საჭიროა სასწრაფოდ აღდგეს ძველი შენობა. მოკლე დროში ველოდებით სამ სულ ვეფხვს, რომელიც საქართველოს აჩუქა ამხ. ნ.ს. ხრუშჩოვმა".



წყარო: კვირის პალიტრა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930