9-05-2018
„მეზობელ საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ეტაპის აშკარა ნიშნებია - სკანდალი ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერს შორის, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს. საპარლამენტო დემარშის შემდეგ (პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს, როგორც იტყვიან, „კარი გაიჯახუნა“) გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებასთან“ ღია სიტყვიერ ომში ჩაება: მხარეები ერთმანეთს ბრალდებებით ბომბავენ. ამასთან, ქვეყნის მეთაური ისე წარმართავს ბრძოლას „მეოცნებეთა“ წინააღმდეგ, რომ ის ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო ბატალიებს“, - წერს აზერბაიჯანული გაზეთი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული გიორგი მარგველაშვილის პარლამენტისადმი მიმართვის შინაარსი, აღნიშნულია მმართველი პარტიის საქმიანობის პოზიტიური მხარეები, თუმცა ხაზგასმულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უხეში შეცდომებიც დაუშვა რიგ სფეროებში - დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში (კონსტიტუციის ცვლილებებში), სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებში და ა.შ.
„პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა რიგითი მოქალაქეების სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის მაღალი დონე, თუმცა იქვე განაცხადა, რომ სახელმწიფოში იკლო ძალოვანი სტრუქტურების აგრესიულობამ, მოქალაქეებს რეპრესიებისადმი შიში გაუქრათ, გაუმჯობესდა სიტუაცია სასჯელაღსრულების სისტემაში...
მაგრამ პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში ცუდად დასრულდა: როცა გიორგი მარგველაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა „ცხელ კვალზე“ მოისურვა, სპიკერმა ირაკლი კობახიძემ მას რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტს ეწყინა და დარბაზი დატოვა, რაც, თავის მხრივ, პარლამენტის წევრებმა შეუარაცხყოფად აღიქვეს. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს დაუსწრებლად მკაცრი ბრალდებები წაუყენა - პრეზიდენტმა ძალიან ბევრი პატიმარი უსაფუძვლოდ შეიწყალა, რაც უპასუხისმგებლობის კორუფციის ან სამართლადამცველი სისტემის ნგრევის მცდელობის მანიშნებელიაო. ასე დაიწყო სკანდალი“, - აღნიშნულია სტატიაში. მასში გადმოცემულია მხარეთა კონფლიქტის პროცესი: პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის გამოსვლა, რომლის მიხედვით, პარლამენტის სპიკერის მიერ პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, „ამით ირაკლი კობახიძე სახელმწიფოს პრესტიჟს შეურაცხყოფას აყენებს და უმჯობესია, პროკურატურამ დაიწყოს დაიწყოს საქმის გამოძიება, ან სულაც იმპიჩმენტის პროცესი განახორციელეთო“. სტატიაში ასახულია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებებიც..
გიორგი მარგველაშვილმა მოგვიანებით ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტს წინასაარჩევნო პიარი გაუკეთოს: „ისე გამოდის, რომ მმართველი პარტია ყოველდღიურად ჩემი რეიტინგის მომატებაზე ფიქრობს. ჯერ-ჯერობით წინადადება არ მიმიღია [პრეზიდენტობის კანდიდატობაზე], თუმცა მზად ვარ კონსულტაციებისათვის“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ასეთი პასაჟი დამკვირვებლებმა წინაარჩევნო სვლად მიიჩნიეს: გიორგი მარგველაშვილმა ერთი „გასროლით სამი კურდღელი მოკლა“: თავისი თავი ინტრიგებზე და ამბიციებზე მაღლა დააყენა, მიანიშნა მმართველი „ქართული ოცნების“ არცთუ სუფთა თამაშებზე და ოპოზიციას სიგნალი გაუგზავნა - მზად ვარ საუბრისთვისო. ამ ფონზე ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ერთიანი კანდიდატის წამოყენების იდეა არცთუ ისე მთლად უტოპიურია: „ქართულ ოცნებასთან“ ხისტი დაპირისპირებით პრეზიდენტი აჩვენებს, რომ მისი „ჩამოწერა“ ჯერ ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი პასიური დამკვირვებლის სტადიიდან შემტევ რეჟიმში გადავიდა, რაც მეორე ვადით არჩევის განაცხადისათვის აშკარად სერიოზულ წინამძღვრად შეიძლება ჩაითვალოს.