გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მართლაც უნიკალური პროექტია, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული დონის განათლება

9-06-2021

განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.

პრემიერმა, სტუდენტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ევროპული დონის განათლება საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ და აღნიშნა, რომ წლების წინ, სწორედ ამაში მდგომარეობდა ბიძინა ივანიშვილის იდეა, რასაც შემდგომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება მოჰყვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია უნივერსიტეტის განვითარების შემდგომი ეტაპი, თანამედროვე სპორტული კომპლექსით და სხვა შენობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შეემატება უნივერსიტეტს.

„განათლებაში ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირებას განვახორციელებთ. განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლებული თაობა არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ. მეც ახალგაზრდა ვარ და ადრეულ ასაკში მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი სახელმწიფო სამსახურში. მანამდე, მოგეხსენებათ, ვმუშაობდი კერძო სექტორში და ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ თავს ამის უფლებას - ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი: რამდენიმე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ - პირველი, ეს არის თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ პირველ რიგში, მიზანი არ დაისახა, ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე - თქვენი მიზანი უნდა იყოს ძლიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს თამასა აწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება - ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს, იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტები თავიანთ სფეროსა და სპეციალობაში წარმატებულები გახდნენ.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია და საცხოვრებელი კამპუსები მოინახულა. მთავრობის მეთაურმა ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ფონდ „ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ლექციები ტარდება როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართვის საშუალებას იძლევა.

უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის შედეგადაც ერთობლივი აკადემიური პროგრამები შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. ახალ აკადემიურ პროგრამებზე საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტში არსებული მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციები.

უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. კვლევებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მსოფლიოს წამყვანმა მკვლევარებმა ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი კერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930