გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა

9-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური მუზეუმში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აშენდა ახალი 4-სართულიანი შენობა. მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საცავები, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის და ავტოსადგომი.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის განახლებულ შენობას შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე და ამავე დროს, მორგებულია დღევანდელ რეალობასა და თანამედროვე მოთხოვნებს. მუზეუმში დაცული მდიდარი მასალის შესახებ პრემიერ-მინისტრს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა. არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია.

მუზეუმში მთავრობის მეთაურთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930