გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კლუბებში ჩატარებულ ანტინარკოტიკულ ოპერაციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

12-05-2018

საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტრო, წუხელ, კლუბებში ჩატარებული ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით.


აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.


შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.


ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.


საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.


კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.
ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30