გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დამატებით, 1 300 საწარმოს შექმნა გვაქვს ნავარაუდები, ასევე სხვადასხვა ტიპის 400 სასტუმრო რეგიონებში

26-06-2021

ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყე აქტიური მუშაობა და ჩემი ინიციატივითაა შექმნილი პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომლის მიზანი იყო და არის ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა და გაფართოება, იმპორტის ჩანაცვლება, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2 წელიწადში ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ დამატებით მიემართება 300 მლნ ლარი.

„მომდევნო კვირიდან, დავიწყებთ პრეზენტაციებს და ყველა დაინტერესებულ პირს დავპატიჟებთ, ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას.2 წელიწადში, 300 მლნ ლარით გაზრდილ თანხას კონკრეტულად ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მივმართავთ. ჩვენი გათვლებით, დამატებით, 1 300 საწარმოს შექმნა გვაქვს ნავარაუდები, 400 სასტუმრო, სხვადასხვა ტიპის, რომლებიც რეგიონებში გაიშლება და ეს დამატებით საშუალებას მისცემს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, მეტი ადამიანი იქნას ჩართული, მეტი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ძალიან მაგარი პროექტები დამუშავებული, რასთან დაკავშირებითაც ბატონ ლევან დავითაშვილსაც ექნება დეტალური პრეზენტაცია. ზუსტად ვიცით მიწის ფართობი, რომელიც აუთვისებელია როგორ უნდა იქნას ათვისებული, რამდენ ხანში, რა ვადაში, რომელ წელს რას ვაკეთებთ, რა ღონისძიებებს, რა პროგრამებს ვაფინანსებთ. მეხილეობასთან მიმართებაში არის უკვე კონკრეტული პროგრამები დამუშავებული, მებოსტნეობასთან დაკავშირებით, მეცხოველეობაზე ვისაუბრე, უნდა გავაორმაგოთ წარმოება, რძით თვითუზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანები, გარდა იმისა, რომ ემსახურება ეკონომიკის განვითარებას, კეთილდღეობას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, ასევე მოიცავს და გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თვითუზრუნველყოფას. მოგეხსენებათ, ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, ძალიან ბევრი ისეთი პროდუქცია შემოდის, რომლის წარმოებაც აქ, ადგილზე არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც ეს იყო ნაკლებ პრიორიტეტული. ეს მომდინარეობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენივე ხელებით. გრძელვადიანი გეგმა, რომელიც რატომღაც საქილიკო გახდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმიტომ რომ გეგმებზე ესენი არ ფიქრობენ და ფიქრობენ მხოლოდ დემაგოგიაზე, სიცრუესა და სიყალბეზე, გრძელვადიანი გეგმის გარეშე წარმოუდგენელია რამის განვითარება. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი, კარგად გააზრებული, რეალისტური გეგმა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031