6-07-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.
საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის განახლებული ფოიეც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
სიმბოლურად, ამ დღეს ბიუსტის გახსნა გენერლის ერთ-ერთ წარმატებულ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა. 1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მისივე ავტორობით შექმნილი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში შარშან სექტემბერში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის დროს, მისი ინიციატივით განთავსდა.
გენერალური შტაბის განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.