გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია დაიწყო

6-07-2021

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. კონსტიტუციით აღიარეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი - უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. განისაზღვრა, რომ საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა კი ქართული.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია განამტკიცებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ადგენდა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყო როგორც სქესის, ისე პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებდა ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო იმ დროისათვის. კონსტიტუცია აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა - თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით და სწორედ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 6 ივლისს, 16:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით - www.MoneyMuseum.nbg.gov.ge, ხოლო 9 ივლისიდან, ასევე - საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.

მონეტების მეტი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროდუქცია 2021 წლის 6 ივლისიდან, 15 დღის განმავლობაში, ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა შეეძლება (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930