15-05-2018
რას ამბობს რუსული პროპაგანდა
ამერიკისა და საქართველოს მთავრობების თქმით, ლაბორატორიის მთავარი მისია, დაავადებათა ეპიდემიის გამოვლენა და მათი შეჩერებაა. მაგრამ რუსეთი უარყოფს, რომ ამერიკის მთავრობამ რუსეთის საზღვართან კვლევითი ცენტრის ასაშენებლად გადასახადების გადამხდელთა $350 მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ დახარჯა, რომ საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველეყო.
მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ ლაბორატორია გაიხსნა, მას რუსეთის მთავრობაც და კრემლის მხარდამჭერი მედიაც უტევს.
ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე ამ თემაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ლუგარის ლაბორატორია ახსენა და განაცხადა, რომ “რუსეთის საზღვართან პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის არსებობა საეჭვოა”. წელს რუსეთმა ლაბორატორია საქართველოში მარცვლეულის დამაზინებელ პესტიციდს, ე.წ “ბაღლინჯოს” გავრცელებასაც დაუკავშირა. ორი წლის წინ რუსეთის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლაბორატორიის დახმარებით ამერიკელებს შეეძლოთ კოღოები დაეინფიცრებინათზიკას ვირუსით და რუსეთში გაეშვათ. ლაბორატორიას ასევე ბრალს დებდნენ ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველის გრიპის ეპიდემიაშიც.
“კრემლი ლაბორატორიის დაარსების დღიდან, აქტიურად ეწევა შავ პროპაგანდას მის წინააღმდეგ,” – ამბობს სოფო გელავა მედიის განვითარების ფონდიდან (MDF) და ამას რუსეთის ჩვეული ქმედების ბოლო მაგალითად მიიჩნევს.
რა არის ლუგარის ლაბორატორია?
ოფიციალურად მას რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეწოდება. კვლევით ცენტრს ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე ყველაზე სახიფათო მიკრობის გარდა, ყველასთან გამკლავება შეუძლია.
ლაბორატორიის არსებობამდე პათოგენები თბილისის ცენტრში, საბჭოთა კავშირის დროინდელ კვლევით ინსტიტუტში ინახებოდა, რაც საზოგადოებას პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა. როგორც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ამბობენ, შესაბამისად აღჭურვილ დაწესებულებაში გაცილებით უსაფრთხოა ასეთი პათოგენების შენახვა.
ლაბორატორიის დირექტორის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველო მრავალი დაავადების საფრთხის წინაშეა, მაგალითად როგორიცაა შიანური ცხოველისთვის სახიფათო ბრუცელოზი, ასევე ციმბირული წყლული და ყირიმის ჰემორაგიური ციებ-ცხელება. ლაბორატორიის პერსონალი კი დღესაც აგრძელებს საბჭოთა პერიოდის დროს დაწყებულ საქმეს, რაც დაავადებათა აღმოჩენას და მათთან გამკლავებას გულისხმობს: “ინფექციურ დაავადებებს საქართველოში 1937 წლიდან აკვირდებიან. ჩვენც ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ახლა, რასაც ძველ ცენტრში, მხოლოდ გაცილებით უსაფთხო გარემოში.”
ამასთან, როგორც იმნაძე ამბობს, ამგვარი ლაბორატორია საქართველოს გარდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიცაა. რუსეთსაც აქვს ანალოგიურად აღჭურვილი დაწესებულებები და მათგან ერთი, მეოთხე დონის ბიო-უსაფრთხოების მქონე ლაბორატორიაცაა, რომელსაც ებოლასთან და მის მსგავს სასიკვდილო ვირუსებთან გამკლავება შეუძლია.
2013 წლიდან ლაბორატორიას საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართავს (NCDC), რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ანალოგია. ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა კი, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა.
რატომ აფინანსებენ ლაბორატორიას ამერიკელები?
თბილისის ლაბორატორია ნამდვილად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებულია. ხარჯების დაფარვაში ის ახლაც მონაწილეობს და მიუხედავად იმისა, რომ პერსონალის უმრავლესობა ქართველია, პენტაგონის სამედიცინო კვლევების განყოფილებაში დასაქმებული რამდენიმე მეცნიერიც მუშაობს აქ , რასაც კრემლი “შემაშფოთებლად” მიიჩნევს.
ლუგარის ლაბორატორიების ქსელი ამერიკული სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც, საბჭოთა კრემლის მიერ, ბიოქიმიურ იარაღზე ჩატარებული კვლევების ნარჩენებისაგან გამოწვეული პოტენციური საფრთხის განეიტრალებაა (ლაბორატორია ყოფილმა აშშ-ის სენატორმა რიჩრდ ლუგარმა გახსნა, რომელმაც პროგრამის შექმნაშიც წამყვანი როლი შეასრულა).
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, მეტი რესურსი დაეხარჯა, ციმბირის წყლულის ეპიდემიის პრევენციისთვის, რომელმაც საყოველთაო შიში გამოიწვია.
“ლაბორატორიის ყველა ოთახში ვარ ნამყოფი”
ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის ყოფილი თანამშრომლის თქმით, ლაბორატორიების ქსელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად განთავსებული სისტემაა, რომელიც ქვეყანას ადრეულად და დისტანციურად აწვდის ინფორმაციას დაავადებების გავრცელების შესახებ, რაც თავის მხრივ დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ქვეყნისთვის. ლაბორატორია, მისი აზრით, საქართველოსთვის ზედმეტადაც კია აღჭურვილი.
თუმცა, ყოფილმა თანამშრომელმა უარყო რუსეთის ბრალდებები, ბიოქიმიური იარაღის დასამზადებელ საიდუმლო სამუშაოებზე. “ლაბორატორიის ყველა ოთახში ვარ ნამყოფი და არ მჯერა რომ იქ რაიმე საიდუმლო კვლევა ტარდება”, განაცხადა მან.
ლაბორატორიასთან დაკავშირებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ რუსეთს თვითონაც არ სჯერა თავისი ბრალდებების, რადგან მათმა დაზვერვის სამსახურებმა წესით ლაბორატორიაში არსებული რეალობა კარგად უნდა იცოდნენ – “რაღაც პერიოდში მათი აგენტებიც აუცილებლად იმუშავებდნენ იქ”, ამბობს ყოფილი თანამშრომელი აშშ-დან.
ამ აზრს იზიარებს ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარიც: “წლების განმავლობაში აშშ-დან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალს ჩაუტარებია ლაბორატორიაში კვლევა და მათ შესახებ რუსეთმა ყველაფერი იცოდა”. გარდა ამისა, რუსეთისთვის “მომგებიანიც ყოფილა ის, რომ თბილისში ლაბორატორია განუწყვეტლივ აკვირდება ნივთიერებებს, რომლისგანაც საფრთხე ემუქრება გარშემო ქვეყნების მოსახლეობას”, – განაცხადა სენატორმა ელექტრონულ მიმოწერაში.
მძიმე ბრალდებების მიუხედავად, რუსეთიდან არც საქართველოს და არც აშშ-ის მთავრობის მიმართ ლაბორატორიის დახურვაზე ზეწოლა არ ყოფილა.
ლაბორატორიის ყოფილი ამერიკელი თანამშრომლის მიხედვით, მიუხედავად ამერიკის სურვილისა, დაწესებულების საქმიანობაში ნაკლებად იყოს ჩართული, მას განზე გადგომა არ სურს და შესაბამისად, არც დაავადებების გავრცელების წინასწარი გამაფრთხილებელი ინფორმაციის დაკარგვა უნდა.
პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ რუსეთი ვერ ეგუება მის მახლობლად ამერიკის დაფინანსებულ წარმატებულ პროექტს, რომელიც პრო-დასავლურ საქართველოს კიდევ უფრო აშორებს მას: “წარსულში, იმისათვის რომ გაგვეგო, რა დაავადებასთან გვქონდა საქმე, მათი [რუსეთი] დახმარება გვჭირდებოდა. ახლა კი ხალხი ჩვენ მოგვმართავს”, – თქვა იმნაძემ.