6-07-2021
პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უწყების მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული გრიფით საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
„თავდაცვის უწყებასთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ანგარიშვალდებულების მექანიზმები მოიცავს არა მხოლოდ მოსმენებს ნდობის ჯგუფის ფარგლებში, არამედ საკომიტეტო მოსმენებსაც და ასევე როგორც კომიტეტის, ისე ნდობის ჯგუფის წევრების გასვლით ვიზიტებს. ამ ზედამხედველობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის უწყება საქმიანობის ეფექტიანობით და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა", - განაცხადა სხდომის შემდეგ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მომავალშიც აპირებენ კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობის გაგრძელებას.