6-07-2021
გუშინ 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეძრული ვარ იმით, რაც გუშინ ვნახე, და ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველამ, პასუხი უნდა აგოს ჩადენილ საქციელზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„გუშინ 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რთულია, ამას რაღაც სახელი დავარქვა ან კლასიფიკაცია მივცე, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი და მიუღებელია. შეძრული ვარ იმით, რაც გუშინ ვნახე, ანალოგიური რამ არასდროს მომხდარა. ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველამ, პასუხი უნდა აგოს ჩადენილ საქციელზე. რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ ამ ინციდენტების პრევენცია? ხვალ შსს წარმოადგენს სრულ ანგარიშს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რისი თავიდან აცილება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. ამ ვითარებაში მხოლოდ ადეკვატურ და გარდაუვალ სასჯელს შეუძლია, აგვაცილოს მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორება“, - განაცხადა სერგეენკომ.