გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ნიუ-იორკში ქართველი ახალგაზრდების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

16-05-2018

„ცეკვა თავისუფლებისთვის“ - ქართველი ახალგაზრდების მხარდასაჭერი შეკრება ნიუ-იორკში, უილიამსბურგის უბნის ერთ-ერთი პაბის ტერიტორიაზე გაიმართა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა იმიგრანტებმა 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები მუსიკის ფონზე ცეკვით გააპროტესტეს. ქართველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად უცხოელი მეგობრებიც იმყოფებოდნენ.


„ცეკვა თავისუფლებისთვის“ - ამ დევიზით აქცია ნიუ-იორკში კონტრაქციის გარეშე, მშვიდობიანად, მუსიკის თანხლებით გაიმართა. აქცია დაიგეგმა შაბათს, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაციების დროს იქ გასართობად მისულ ახალგაზრდებს უფლებები შეეზღუდათ. პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების სოლიდარობისთვის უილიამსბურგის ერთ-ერთ ცნობილ პაბში "The Well" ცეკვა თავისუფლებისთვის შუადღეს დაიწყო. ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს სპეციალური ბანერებით შესვლის უფლებაც მისცეს.


შეკრების ორგანიზატორი ანა სამანიშვილი შეკრების მიზანზე საუბრობს: „რაც მოხდა იმ ღამეს, მას შემდეგ ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომ ჩვენც გავსულიყავით, რადგან იგივეს განვიცდიდით, რასაც თბილისში ჩვენი მეგობრები განიცდიდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიყავით. ასე ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, რომ გამოვსულიყავით და ჩვენი რაოდენობა გვეჩვენებინა. ნიუ-იორკშიც საკმაოდ ბევრნი ვართ, ვინც იზიარებს თბილისურ აქციაზე მყოფი ადამიანების მდგომარეობას და მოთხოვნებს“.


უილიამსბურგში შეკრებილი ქართველი იმიგრანტები თბილისის აქციის მიმართ მხარდაჭერას ცეკვით გამოხატავდნენ და პარალელურად იქ მიმდინარე დაძაბულ მოვლენებს აკვირდებოდნენ.


ნანა საყვარელიძის თქმით, „არავინ არ გვემუქრება, მოძველბიჭო ელემენტები აქ არ არიან. არც შავპერანგიანები თუ შავმაისურებიანებიც - ანუ ვისაც ვთვლით, რომ არასწორი მეთოდებით იქცევიან. ჩვენ, ყველა, საერთო ჯამში ვიღწვით საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ იმ უფროს თაობას, რომელიც გვებრძვის (რაც ცხადია, ხდება დამახინჯებული ტრადიციების და სიახლის ბრძოლის დროს), გვინდა სწორად მივაწოდოთ ჩვენი მესიჯი, რომ არ ვითხოვთ ნარკომოვაჭრეთა მხარდაჭერას, წამლის გასაღებას. ჩვენ მოვითხოვთ პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობას. ჩემი უფლებაა გავერთო იქ, სადაც მინდა და არავინ არ უნდა დამესხას თავს და გამომათრიოს თმებით. არ უნდა გადაამეტონ ძალაუფლებას“.


თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა უილიამსბურგში სხვადასხვა თაობის იმიგრანტები შეკრიბა.


ხელოვანი მამუკა ბერიკა ახალი თაობის მხარდასაჭერად ამბობს: „ადამიანს, სანამ ეცეკვება, არის თავისუფალი და ამას როცა ავტომატებით დაუპირსპირდები და დამსჯელ და საჩვენებელ ოპერაციას ატარებ, მაშინ... ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ. ყველაზე მეტად 80 -იან წლებში. გამოიყვანდნენ 8-ე პოლკს და გვეუბნებოდნენ - „არ იცეკვო“. განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო მოდა, ჩაცმულობა და არც არაფერი, ბრბოს ინსტიქტზე უნდა ყოფილიყო დამყარებული ყველაფერი. დღეს ყველაზე მეტად მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც თავის დროზე როკს უსმენდნენ და უკრავდნენ. მაგის გამო გიტარებს და ბარაბნებს თავზე ახევდნენ. დღეს სისულელეებს წერენ, რომ ეს რა მუსიკა არის და ასე შემდეგ. შე კაი ადამიანო, შენ ხომ განგიცდია და ნახე ეს ყველაფერი რაც არის? ეს ერთი და მეორე - ეს არის დღევანდელი დღე, რომელიც ხვალინდელში გადაიზრდება და ასეა ახალი თაობა, რომელსაც რაღაც ახალი მოაქვს“.


თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს უილიამსბურგში მხარდაჭერა უცხოელმა იმიგრანტებმაც გამოუცხადეს.


სერბი დრაგო ამბობს: "როდესაც ნიუ-იორკში ცხოვრობ, თითქოს ვერც წარმოიდგენ, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა თავისუფლების შეზღუდვის პრობლემები ხელისუფლების მხრიდან სერბეთშიც არსებობს. დღეს ამ აქციაზე ქართველი ახალგაზრდების, სიყვარულისა და თავისუფლების მხარდასაჭერად მოვედი".


გიორგი ავალიანი კომპანია „ლივინგსტოუნის“ შემოქმედებითი დირექტორი თბილისიდან ნიუ-იორკში შაბათს ღამეს გამოფრინდა და უილიამსბურგის აქციაზე მოვიდა. იგი ხუმრობდა, რომ ქვეყანაში მოვლენები 24 საათზე მოკლე ხანში ისეთი სისწრაფით განვითარდა - სულ სხვა რეალობა დადგა. ის ამბობს, რომ ნარკომოვაჭრეებთან ასეთი ფორმებით ბრძოლა გაუმართლებელია: „რაღაც პრობლემა ცალსახად არის, მაგრამ ამასთან გამკლავება გაცილებით უფრო აზრიანად და მშვიდობიანად, უფრო გრძელვადიანად უფრო შესაძლებელია, ვიდრე ასეთი ერთჯერადი დარტყმებით, რომელიც აზარალებს ხშირად არა მხოლოდ ჩვენს ხასიათს და განწყობას, არამედ ზოგადად იმ მუხტს და ძალას, რასაც ახლა ახალგაზრდები ვგრძნობთ და იმ შემოქმედებით პოტენციალს, რაც საქართველოში ასე ყვავის“.



წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930