9-07-2021
საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" იმსჯელა.
მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში არსებული ხარვეზების გასწორებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღებით და სათამაშო ბიზნესის სფეროში საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობით, გაიზრდება მისაღები გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის აღებას დაექვემდებარება თამაშობების და არსებითი პროდუქციის მიწოდება, როგორც თამაშობის ორგანიზატორისათვის, ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისთვის. შესაბამისად, ასეთი პირები სანებართვო რეგულირების და კონტროლის ფარგლებში დაექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის მიერ დანერგილი ელექტრონული კონტროლის სისტემაში ჩართვას და ამ გზით, სახელმწიფო მოიპოვებს სრულ წვდომას მათ ფინანსურ ოპერაციებზე და ფინანსური ოპერაციებით ფულის გათეთრების რისკები გამოირიცხება.
„გასულ წელს გავაძლიერეთ აზარტული თამაშების ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის შიგნით და წარმოდგენილი ცვლილებით კონტროლის ქვეშ, მოექცევა ისეთი საქმიანობა, რომელიც აქამდე არ იყო სისტემური კონტროლის ქვეშ საქართველოს ფარგლებს გარეთ",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კანონპროექტის შესაბამისად ზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების დეფინიცია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი პირის ცნება. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტებას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო სექტორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, პრაქტიკაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას, ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.