9-07-2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტი კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე დაინტერესდა. „მოვუწოდებ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატურის წარდგენა. ჩვენ ვიცით, ვინ არის ეს ორი ადამიანი. ეს იქნება ის, რაც გამოიწვევს პროცესების კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურამდე აწევას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ეს ერთი, და მეორეც - 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე, ეს პროცესი დაკავშირებულია რეფორმასთან, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭირა. ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და მერე გამოთქვით , თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.