16-05-2018
Droa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, როგორ რეგულირდება სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში.
“თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებაა. გარდა ამისა, დადგენილებით რეგულირდება საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი, პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი, აგრეთვე, ის, თუ რა შემთხვევაში ხდება სასაფლაოს დახურვა ან გაუქმება.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე ამ დროისთვის 20 დადგენილებაა გამოქვეყნებული, საიდანაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი განსაზღვრული აქვთ: ქალაქ თბილისის (2014 წელს), გარდაბნის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), სენაკის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), ქალაქ ფოთის (2014 წელს), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (2014 წელს), აბაშის მუნიციპალიტეტის (2012 წელს), გორისმუნიციპალიტეტის (2017 წელს), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმისა (2010 წელს) და ოზურგეთის (2013 წელს) მუნიციპალიტეტის საკრებულოებს.
ის საკრებულოები, რომლებსაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი აქვთ განსაზღვრული, აცხადებენ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევების, მაგალითად, კატასტროფის, ადამიანის გაყინვის და ა.შ. დროს გამოიყენება. გარდა ამისა, ასევე, არსებობენ რელიგიური კონფესიები, რომლებსაც დაკრძალვის განსხვავებული წესები აქვთ.
როგორც droa.ge-ს ვებგვერდზეა განმარტებული, ჯამში, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი, 64 მუნიციპალიტეტიდან, დადგენილი მხოლოდ 16 მუნიციპალიტეტს აქვს.
48 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზეგამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ახორციელებენ ეს მუნიციპალიტეტები საკუთარ უფლებამოსილებას, თუ მათ არანაირი წესი დადგენილი არ აქვთ.