17-05-2018
"აზერბაიჯანსა და ნატოს შორის ურთიერთობაში მცირე პაუზის შემდეგ მხარეთა დამოკიდებულება კვლავ იდილიური გახდა. ამ დღეებში ბაქოში პირველად ტარდება შეხვედრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ექსპერტთა მუდმივ ჯგუფთან, რომლის დროსაც ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და მდგრადი განვითარების საკითხები იხილება"-ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის, «Новове время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
2005 წელს აზერბაიჯანმა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის ოპერატიული გეგმა მიიღო და მას შემდეგ ოფიციალურ ბაქო ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობაზე თავს იკავებს და არ აყენებს საკითხს მომავალში მასში გაწევრიანების მიზნით. მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ისე ჩანს, რომ ოფიციალურმა ბაქომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გაფართოება გადაწყვიტა. (...)
მაგრამ რამდენად შესაძლებელია ნატოს დახმარება აზერბაიჯანისადმი? ბაქოსა და ბრიუსელის კავშირი ძნელად წარმოსადგენია. საეჭვოა, რომ ნატოსთან თანამშრომლობამ რეგიონში შექმნილი სამხედრო პარიტეტი შეცვალოს. არადა, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლი როცა აცხადებს, თურქეთი ყველა მომენტში აზერბაიჯანთან ერთად დადგებაო, ხაზს უსვამენ - ეს ის თურქეთია, რომელიც ნატოს წევრი არისო. მაგრამ მართლაც ასეა? განა ვერ ხვდებიან ისინი, რომ სწორედ ნატოს წევრობა შეუშლის ხელს თურქეთს აზერბაიჯანის გვერდით დადგომაში/ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სომეხი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში?
როგორც ცნობილია, ალიანსში მუდმივად ხაზს უსვამენ და იმეორებენ, რომ ისინი ტერიტორიულ დავების მოგვარებაში არ ჩაერევიან. თვითონ ანკარაც, ალბათ, ასჯერ გაზომავს და ერთხელ გადაწყვეტს - ჩაერიოს თუ არა კონფლიქტში და ამით სასწორზე დააყენოს თავის წევრობა ნატოში. ჩვენ ადრეც ხშირად დაგვიწერია სხვა მიზეზებზე, რომლებიც თურქეთს მსგავსი ნაბიჯის გადადგიმისაგან შეაჩერებს. განა ნატო თავის წევრ თურქეთს ყველაფერში მაგრად ეხმარება? ვთქვათ, სირიის საკითხში? ვინ აკეთებს თურქეთის მტერ ქურთებზე ფსონს, თუარა ნატოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აშშ? გარდა ამისა, ნატოს წევრმა რიგმა ქვეყნებმა „სომხების გენოციდი“ აღიარა, მაგალითად, გერმანიამ. განა ეს სოლიდარობაა ნატოს ხაზით? არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს.
სამწუხაროდ, ასევე არ ჩანს ნატოს მრავალჯერ ნაქები „საბრძოლო მზადყოფნა“ და მისი სამხედრო სტანდარტების პრაქტიკული რეალიზება. მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს: რამდენიმე წლის განმავლობაში, [ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის], შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს არმია „ნატოს სტანდარტების“ მიხედვით იწრთვნებოდა. თითქმის მთელი მისი შეიარაღება ასევე შეესაბამებოდა ნატოს სტანდარტებს, რომელიც თბილისს ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ეკიპირებულნი იყვნენ ნატოური ატრიბუტებით და სამხედრო მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიოდნენ. ალბათ, სწორედ ამის იმედი ჰქონდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავისი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას 2008 წელს სამხედრო გზით შეეცადა... მაგრამ მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ დაინგრა ქართული არმიის ნატოური სტანდარტები მხოლოდ ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკის ცეცხლით, ხოლო მოწინააღმდეგის ცოცხალმა ძალამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფრონტი მიატოვა. საერთოდ კი, მთლიანობაში ნატოელებს პანიკურად ეშინიათ რუსეთის რეგულარულ სამხედრო ქვედანაყოფებთან შეტაკებისა. სირიის მოვლენების შედეგად ეს შიში კიდევ უფრო გაძლიერდა: რუსეთის არმიის უპირატესობაზე თვითონ ნატოელებიც ალაპარაკდნენ, რადგან დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები ისეთი აღარ არის, როგორიც ათი ან ხუთი წლის წინ იყო. (...)
რასაკვირველია, ნატოსთან თანამშრომლობას ორმხრივი უნდა იყოს და რადგანაც ჩვენ ამ კლუბთან ურთიერთობას (და, სავარაუდოდ, წევრობასაც) გვთავაზობენ, ეს ნიშნავს, რომ ამისათვის ბრიუსელს ამისათვის მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. მაგრამ რა? აზერბაიჯანი ხომ ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს? თან სომხეთთან ტერიტორიული პრობლემებიც აქვს, მოსაგვარებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. არადა, ეს მნიშვნელოვანი ბარიერია ნატოსაკენ მიმავალ გზაზე. როგორც ჩანს, ნატო ყურადღებას აქცევს გეოპოლიტიკას და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას.
ამრიგად, აშკარაა, რომ ორივე მხარე, სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთმანეთისაკენ მიისწრაფვის. რას მოიგებს ამით აზერბაიჯანი, ჯერ უცნობია, თუმცა გასაგებია, რომ დღეს ნატოსაკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულად გამოიყურება - ბევრია მკვეთრი მოსახვევი, ციცაბო აღმართ-დაღმართი და გზის გვერდითა უფსკრულები, საიდანაც თუ გადავარდები, უკან შეიძლება ვეღარ ამოხვიდე, თანაც მეზობლის ხმამაღალი დაცინვით..