გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: კანონმდებლები დაზვერვის სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობენ

17-07-2021

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები, მორიგი საზედამხედველო ვიზიტით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ესტუმრნენ.

პარლამენტის წევრები ცენტრის საქმიანობას და სპეციალურ პროგრამებს გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, კანონმდებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ დაზვერვის სამსახურთან, როგორც კომიტეტის, ასევე ნდობის ჯგუფის ფარგლებში.

„ჩვენ რეგულარულად ვღებულობთ სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციას ამ უწყებიდან, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ამ გარემოში სამსახურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილებებისთვის და შესაბამისობაშია ჩვენს საინფორმაციო მოთხოვნებთან. ჩვენ, ასევე აქტიურად ვახორციელებთ საზედამხედველო ვიზიტებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალ უწყებებში", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

უწყების ცნობით, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ადგილზე გაეცნენ იმ პირობებს და გარემოს, სადაც ემზადება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ელიტა.

„იმ პირობებში, როდესაც მუდმივად იცვლება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, როდესაც ჩვენს მზვერავებს უხდებათ მოქმედება საქართველოსთვის მტრულ, ასევე მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, როდესაც მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ წვდომა მოწინააღმდეგის ინფორმაციაზე და წინმსწრებად აწვდიდნენ ამ ინფორმაციას სახელმწიფოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ ცოდნას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს და უწყვეტ განვითარებას. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ამ ცენტრს.
ცენტრს ჰყავს საუკეთესო ინსტრუქტორები, აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებისა და გაღრმავებისთვის და უსაფრთოხების გარემოს ცვალებადობასთან მუდმივად ადაპტირებადი სპეციალური პროგრამები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დაზვერვის პრიორიტეტულობას ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.
ჩვენი, კანონმდებლების პრიორიტეტია ქართულ დაზვერვას ჰქონდეს მაღალი მხარდაჭერა, ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა და მზარდი დაფინანსება. ჩვენ, ძალისხმევას არ დავიშურებთ ამის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930