17-05-2018
ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფლის ზეცად ამაღლების შესახებ იქადაგა.
„სახარებაში ვკითხულობთ ჩვენ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში დროს ჯვარი დაიწერეს.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი და სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილე პირებს დახვდებიან. უწმინდესი ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ერს დალოცავს.