17-07-2021
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპაციის, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების, ასევე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
უწყების იფნორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.
მხარეებმა განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
უწყების ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას პარლამენტარებს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე, ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის ფორმატში. მხარეებმა, საერთო ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული სამომავლო ნაბიჯები განიხილეს - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.