გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

17-07-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.
შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები. რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას.

უწყების ცნობითვე, სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930