17-07-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, რაც მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმის თანახმად მოქმედებებს გულისხმობს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და ის დეტალურად, კონკრეტული თარიღებით და თითოეულ პუნქტზე პასუხისმგებელი პირებით არის გაწერილი.
მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს - აცხადებენ უწყებაში.
მოცემულ პერიოდში, თავდაპირველად დროებითი სივრცის რეკონსტრუქცია და ფონდების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგება მოხდება, ხოლო ფონდებისა და კოლექციების მიგრაცია ექვს ეტაპად განხორციელდება - განაცხადეს უწყებაში.
მუზეუმს პირველი ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი და არქივისა და მემუარების ფონდი დატოვებს (2021 წლის 10 სექტემბერი), ხოლო ყველაზე ბოლოს, ახალ დროებით სივრცეში ოქროს ფონდი იქნება გადატანილი. ამასთან, ოქროს ფონდის ზოგიერთი, UNESCO-ს საექსპერტო დასკვნის თანახმად ყველაზე დაზიანებული ხატები ამავე დასკვნის შესაბამისად მომზადდება გადასატანად. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე დაზიანებული ჭედური ხატების საყრდენი ხის დროებითი გამაგრება უნდა მოხდეს, რაც გადატანისას ხის ჩამოშლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამისათვის, შეიქმნება ქართულ-უცხოური პროფესიონალთა ჯგუფი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ვადას აწესებს. 2022 წლის 1-ლ იანვრამდე კი საგანძურში დაცული ექსპონატების გადამტანი ჯგუფი დაკომპლექტდება და ამგვარი ექსპონატების გადატანის მიმართულებით გაივლის სპეციალურ გადამზადებას.
კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით დამტკიცებული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://cutt.ly/2mZBpWC
უწყების ცნობითვე, მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას აცნობა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მუზეუმის შენობაზე ჩატარებული ექსპერტიზა და საგანძურის კონკრეტულ ექსპონატებზე (ხახულის ღვთისმშობლის ხატი; ანჩის ხატი; აწყურის ღვთისმშობლის ხატი; წილკნის ღვთისმშობლის ხატი; ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; ზარზმის ფერისცვალების ხატი; ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (ლაკლაკიძეები); კაცხის მაცხოვრის ხატი; ახალი შუამთის ღვთისმშობლის ხატი) კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა.
სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული დასკვნის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად:
ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი;
შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს - აცხადებს სამინისტროს პრესსამსახური.