19-07-2021
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა საკომიტეტო თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. დეპუტატებმა, - „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში" - თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და პოზიციები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფმა მოკვლევის თემასთან დაკავშირებით მიიღო 22 წერილობითი დასაბუთებული მოსაზრება სხვადასხვა დაინტერესებული სუბიექტისგან, მათ შორის, კერძო პირების, საჯარო, სამოქალაქო და საერთაშორისო სექტორების წამომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომლებსაც თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით ზეპირ მოსმენაზე მოიწვევენ, რის შემდეგაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოში კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
„მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ერთ-ერთი გარანტია, იგი ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი ნაწილია და არა მხოლოდ ჩვენი, ზოგადად მას მსოფლიო ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის გამოწვევები, რომლებიც პოსტ კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს, იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი ხელშეწყობის მექანიზმები მოიძებნოს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სწრაფად აღდგეს და შეასრულოს ისევ იმ ხერხემლის როლი, რომელიც მას ფუნქციურად აქვს", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.