24-07-2021
საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.
ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.
"ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.