18-05-2018
მინდა 12 მაისის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რამეთუ ჯერჯერობით ვერავინ უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერ წარმოადგინა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, შსს-ს შესაბამისი რეაგირება ექნება.
ამასთან, გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უსწრებდა 12 მაისის სპეცოპერაციას. შს მინისტრის თქმით, ეს იყო სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა სისტემატურად მიმდინარეობდა.
„ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად, სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. საკონტროლო შესყიდვის 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა განხორციელებული, არანაირი ღონისძიება არ გაგვიხორციელებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.