გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით - მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის

26-07-2021

„ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით, მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

„ნებისმიერი კრიზისი, მათ შორის, ხელოვნური კრიზისიც, ბუნებრივია, ასუსტებს ქვეყანას, ასუსტებს დემოკრატიულ სისტემას და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის, თუ რამდენად ჰქონდა რაიმე, თუნდაც, მინიმალური საფუძველი იმ საბოტაჟს, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გახსოვთ, რომ როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ წარვუდგინეთ 4 სხვადასხვა შეთავაზება. პირველი - ეს იყო გადათვლა - ჩვენ შევთავაზეთ 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის გადათვლა ჯერ კიდევ ნოემბერში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, რაც არასდროს არ მომხდარა საარჩევნო პროცესში; მეორე - ჩვენ მათ შევთავაზეთ 3700-ივე უბნიდან ამოღებული ვიდეო-ჩანაწერების ნახვა. ამაზეც თქვეს უარი, როცა საუბარი იყო ე.წ. კარუსელზე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ჩანაწერებით იმის გადამოწმება, თუ რამდენად ჰქონდა რეალურად ადგილი ასეთ სამართალდარღვევას. მესამე - ჩვენ მათ შევთავაზეთ დებატები, სატელევიზიო დებატები, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან. და მეოთხე - შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ კომისიის შექმნა, რომელიც შემდეგ, რეალურად, შეიქმნა, თუმცა, ოთხივე შემოთავაზებაზე მივიღეთ საჯარო უარი. როგორც დღეს ირკვევა, ამას ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ რეალურად, მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. კითხვებსაც კი ვერ სვამენ, ვერ ერთვებიან დებატებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს კომისია შეგვექმნა წლის დასაწყისშივე, თუმცა, ჩვენ გვქონდა ამაზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ გვთხოვეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება და მიზეზი იყო ის, რომ მათი სურვილი იყო, ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების ეს თხოვნა და გადავწიეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს კომისია შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც თქვა უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით. მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში",- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930