გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი ეს შენი წარსულია
როგორ უყვარდა სტალინს მეგობრები

19-05-2018

დრო ტოვებს სახელებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ. იმ ადამიანის წერილს გთავაზობთ, ვინც სტალინის უკვდავებაში დარწმუნებულია. თავისთავად კი ეს წერილი უკვე ისტორიას ეკუთვნის, ისტორიის გადახედვა კი ყოველთვის საინტერესოა.


პატივცემულო რედაქციავ, მე ხნიერი კაცი ვარ და უკვე მრავალი წელია რელიკვიად ვინახავ იმ კაცის დეპეშას, რომელიც ერთ დროს ხალხის მამად და ახლა უკვე გულქვა, დესპოტ და სისხლიან ადამიანად არის შერაცხილი. რატომ შევინახე ეს დეპეშა?


მე იმ დროში დავიბადე, როცა სტალინს ხალხის მამას უწოდებდნენ და მართლა მჯეროდა ამისა. თქვენც გადახედეთ. ამ დეპეშას სტალინი თავისი ბავშვობის გაჭირვებულ ამხანაგს უგზავნის - თუ ამ სისხლიან კაცს გაჭირვებული ბავშვობის ამხანაგის დახმარება შეეძლო, იქნებ ჩვენი ხნის ხალხის გაჭირვება იმასაც გაახსენდეს, ვინც ახლა სახელმწიფოს მეთაურია. ეს დეპეშა კი იმ პეტა კაპანაძის დეპეშას მოჰყვა, რომელიც ხაშურელმა მასწავლებელმა თავის ყოფილ ამხანაგს კრემლში გაუგზავნა.


"პეტას გაუმარჯოს! გიგზავნი ორი ათასამდე მანეთს. მეტი არ მაქვს. ეს ფული ჩემი გონორარია. ჩვენ აქ გონორარს არ ვიღებთ საზოგადოდ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვიღებთ ხანდახან. შენი გაჭირვება ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევაა და ამიტომ ავიღე გონორარი, რომ შენთვის გამოვიყენო. გარდა ამისა, შენ მოგცემენ სესხად 3.000 მანეთს, მე ვუთხარი ამის შესახებ ბერიას (ამიერკავკასიის საოლქო მდივანია) და იმანაც სიტყვა მომცა, უეჭველად აღვასრულებო. 2.000 მანეთი მიიღე, როგორც ჩემი მეგობრული ნობათი და 3.000 მანეთი - როგორც სესხი.
იცოცხლე მრავალჟამიერ.


შენი სოსო"




P.S. პეტა კაპანაძე სტალინის სემინარიელი ამხანაგი იყო, რომელიც შემდგომში ხაშურში მასწავლებლობდა და იმდენად გაუჭირდა, სტალინს მისწერა, - მიშველეო. სტალინმაც უშველა, - ეს დადასტურებულია. თუმცა, სამწუხაროდ, იმის დასტურიც არსებობს, ამ შეუცნობელი ადამიანის ხელით არაერთი ადამიანი დაიღუპა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სტალინის ფენომენი კვლავ არსებობს და თუ ისტორია სხვანაირ სახელს მიანიჭებს, ამას უკვე შემდგომი თაობები განსჯიან.




kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930