10-08-2021
ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმართველობას. ძლიერი თვითმართველობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება - განაცხადა „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს და მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბოლნისს ყოველთვის ექნება თანადგომის იმედი.
„ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე, რაც თქვენთან ერთად განვახორციელეთ ჩვენივე ქალაქისა და თანამოქალაქეების უკეთესი მომავლისათვის. მიყვარს ბოლნისი, როგორც ჩვენი სამშობლოს ღირსეული და განუყოფელი ნაწილი, ერთიანი, მთლიანი და განუმეორებელი. დიახ, განუმეორებელი რადგან აქ მთელი ჩემი სამშობლოა თავმოყრილი. ის არა მარტო მრავალეთნიკურია, არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებითაა დასახლებული. ბოლნისი ურთიერთობების ქალაქია, ერთად შეკრული ოჯახია, აქ ერთი სიხარული გვიხარია და ერთი სატკივარი გვტკივა, სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. ეს განაპირობებს იმ უზომო სიყვარულს, რაც მე გამაჩნია ჩემი კუთხის მიმართ. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა იყო ამ გამორჩეული კუთხისა და ხალხის მიერ მეორე ვადით არჩეული მერი. ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი, რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად.
მეიმედებით და დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესს.
ერთად დგომით ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავლი თაობები. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმართველობას. ძლიერი თვითმართველობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, ბოლნისს თანადგომის იმედი ყოველთვის ექნება და მჯერა ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით. მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგან როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული ადამიანი კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ქვია. ბოლნისი ჩემი სახლია. ჩვენ ერთად შევქმნით ერთიან ბოლნისს, მიგულეთ თქვენს გვერდზე როგორც არა მარტო მერი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ბოლნისისა და ჩვენი ქვეყნის მუდმივად მოსიყვარულე ქომაგი“ - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.