11-08-2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა. ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.
როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველომ 92 მლნ ევროზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ასევე, საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით ქვეყანას დამატებით გამოეყო 170.8 მლნ ევრო.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მშპ-ს ზრდამ წელს ორნიშნა ნიშნულს მიაღწიოს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ADB კვლავ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის მშენებლობის მიმართულებით.