გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF-საქართველო მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ

11-08-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასანხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.


მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებულთა იმუნიზაცია და ამ გზით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.


მინისტრმა ღასანხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.


თავის მხრივ, ღასანხალილმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და მას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან. ღასანხალილმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში.


შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღასანხალილის მოადგილე ემი ქლენსი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930