ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ე.წ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთანავე, დე ფაქტო ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აქტიური მომხრეა.
"სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ის ჩვენი ისტორიული სამშობლოა. რუსეთის გარეშე უკვე 80 წელია ვცხოვრობთ. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, რუსეთი ვართ - ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული, ჩვენი ხელფასები და პროგრამები რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ცხინვალი მზად არის, რეფერენდუმი ნებისმიერ დროს ჩაატაროს.
„მაგრამ დღეს, როდესაც არსებობს ლუგანსკი და დონეცკი, რომლებიც, ფაქტობრივად, ისეთ ვითარებაში არიან, როგორშიც ჩვენ ვიყავით, და როდესაც ჩვენ ვართ ერთადერთი რესპუბლიკა, რომელმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარა და ეხმარება მათ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი, ვფიქრობ, ღალატი იქნება“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ე.წ სამხრეთ ოსეთმა, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა. ცხინვალსა და ე.წ რესპუბლიკებს შორის დე ფაქტო დიპლომატიური ურთიერთობებიც არსებობს, ცხინვალში ასევე დონეცკის და ლუგანსკის ე.წ წარმომადგენლობებია გახსნილი.
რაც შეეხება რუსეთს, როგორც ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, ლუგანსკსა და დონეცკში მცხოვრები ადამიანების გადასაწყვეტია, როგორი ფორმით სურთ თანაცხოვრება მეზობლებთან.
წყარო: "პია"