გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: წალკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია ხორციელდება, რომლის მსგავსი ამ მხარეში ჯერ არ ყოფილა

11-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავას წალკაში, „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - დღე, როდესაც ჩვენმა შინდისელმა გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ დაგიმალავთ, პირველად ვიმყოფები წალკაში, პირველად ვესტუმრე ამ მხარეს. მეგონა, მთელი საქართველო მქონდა ნანახი და რაღა გამაკვირვებდა, თუმცა, გაკვირვებული დავრჩი ამ სილამაზით. კანიონი, რომელიც უნიკალურია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანიონია ევროპაში და რაც ყველაზე მთავარია, იქ ხორციელდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია, რომლის მსგავსი ამ მხარეში ჯერ არ განხორციელებულა. საუბარია ქართულ-ებრაულ ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის სამაგალითო, მსოფლიო სტანდარტების ტურისტულ ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოვიყენოთ შიდა ტურიზმისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს სილამაზე, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით და ამ მხრივ წალკა ერთ-ერთი გამორჩეულია.


შიდა ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა. მრავალფეროვნება ვახსენე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეთნიკური მრავალფეროვნებით მდიდარი ეს მხარე, გამორჩეულად შრომისმოყვარე ხალხი, გზად მოვდიოდი და ვნახე, როგორ არის დამუშავებული თითო გოჯი მიწა, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მოსავლიანი. აქ წარმოებული პროდუქცია საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გადის. ეს სამაგალითო უნდა გახდეს სხვა რეგიონებისთვის, თუ როგორ უნდა იშრომო, როგორ უნდა შექმნა დოვლათი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და შექმნა ხარისხიანი პროდუქცია.


ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ტერიტორიებით, თუმცა, რასაც ქმნის ეს მხარე, გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით. წალკაში სოფლის მეურნეობის ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი განხორციელდა, რაც ეტყობა მხარეს, თუმცა, მჯერა, რომ ბევრი სხვა იდეა არსებობს და პირველ რიგში, ეს არის აქ, ამ მოსახლეობის გამოცდილებიდან, მათი ცხოვრებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი აწყდებიან. ახალგაზრდები - ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის, ახალი საკრებულოსთვის, რომ მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება, ზოგჯერ, ყოველდღიურად.


ჟინი, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, მთავარია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს ოჯახებს, ამ მხარეს და მთლიანად, საქართველოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შემდეგი ვიზიტისას და გპირდებით, რომ ხშირად ვივლი, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო სამაგალითო წალკას სხვა კუთხეებისთვის“ - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930