გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 6 500 ჰექტრამდე ახალი ვენახია გაშენებული სწორედ ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით და ეს არ არის საკმარისი

14-08-2021

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის, თელავშიც, კახეთში და მთელი საქართველოში, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების"  თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განახადა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება 32 მლრდ. ლარის ინვესტირება მთელი რეგიონების განვითარებაში.

„ერთ-ერთ გამოსვლაში ვახსენე, მაგალითისთვის, შედარებისთვის, რომ 152 კმ. მაგისტრალური გზა დაიგო  „ქართული ოცნების" პერიოდში, მაშინ, როდესაც წინა მმართველობის დროს, სულ რაღაც 68 კმ. გზა დაიგო. 2 850 კმ. შიდა გზები, მათ შორის, სოფლის გზები, ახალი გზები, აღდგა, რეაბილიტირდა და დაიგო. ჯამში, 7 000 კმ.-მდე გზის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ 32 მლრდ. ლარის ინვესტირებას მთელი რეგიონების განვითარებაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტირებას. ჯამში, 10 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს 20 მლრდ. ლარის ინვესტირება, მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არაერთი პროგრამის მეშვეობით, ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა, როგორიც არის იაფიანი აგროსესხი, „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", რომლის შედეგად შეიქმნა ათასზე მეტი საწარმო. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 13 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა. ვიმყოფებით რა, კახეთში და ზოგადად, ამ ღვინის დედაქალაქში, მინდა აღვნიშნო, რომ მევენახეობის მიმართულებით  გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ, მოსვლის დღიდან, გამოვაცხადეთ მევენახეობა და მეღვინეობა სტრატეგიულ მიმართულებად. 6 500 ჰექტრამდე ახალი ვენახი არის გაშენებული სწორედ ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით. ეს არ არის საკმარისი, ჩვენი გეგმის მიხედვით, მხოლოდ ღვინის ექსპორტმა უნდა შეადგინოს 1 მლრდ. დოლარი.


ჩვენი გეგმის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა უნდა მოხდეს ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.


ასევე ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის ურბანული განახლების პროექტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები. ეს გულისხმობს მეტ რეკრეაციულ სივრცეს, მეტ სკვერებს, პარკებს. ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ახალი ტურისტული ატრაქციები, რომლებიც მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს, როგორც შიდა ტურიზმს წაახალისებს, ასევე, რა თქმა უნდა, მოიზიდავს  უცხოეთიდან შემოსულ ტურისტებს", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930