გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

17-08-2021

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა საზოგადოებას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნეს.


როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, კანონპროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება; საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება; შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან. იმ შემთხვევაში თუ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლევან იოსელიანმა, თეონა აქუბარდიამ, ფრიდონ ინჯიამ, იაგო ხვიჩიამ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მათივე თქმით, სახელისუფლებო გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის უპრეცედენტო შეთანხმების შედეგია.


„ამ ცვლილებების ინიცირება რომ შესაძლებელი გახდა, მე მგონი, ჩვენი კონსტიტუციური ისტორიის განმავლობაში ყველაზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსით პარლამენტის შიგნით, ეს შემთხვევითი არ არის. საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ერთადერთი დოკუმენტი გვიჭირავს ხელში, რომელიც ითვალისწინებს ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. წინ არის ძალიან სერიოზული და რთული პროცესები - ადგილობრივი არჩევნები, შემდგომი მოვლენები, რთული მდგომარეობა მსოფლიოსა და რეგიონში, პანდემია და ა.შ. ჩვენ გვჭირდება შეთანხმებების გზით სიარული, გავუფრთხილდეთ ამ მიღწეულ შეთანხმებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვაში, მოსაზრებების გამოთქმისა და კითხვა-პასუხის ფორმატში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.


საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ტრანსლაცია მიმდინარეობდა პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური მედიის (facebook) საშუალებით, სადაც თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს, ასევე ექსპერტებს საშუალება მიეცათ, დასვათ კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში. კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და კომისიის წევრებმა როგორც დარბაზში შეკრებილი ორგანიზაციებისა და საზოგადოების, ასევე დისტანციურად ჩართული მოქალაქეებისა და ექსპერტების ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს.


საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ორი დღის განმავლობაში, 16-17 აგვისტოს ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930