გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩხუბი 118-ე საჯარო სკოლაში – რას აცხადებს დირექტორი

28-12-2017

118-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, სოციალური ქსელის საშუალებით, სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
მშობლის მტკიცებით, სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს, მისმა შვილმა დაზიანებები მიიღო და მეოთხე დღეა, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, რადგან „დილით, კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები, „მასწავლებელი მოდის“, ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა… დროის გასვლასთან ერთად, ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა, გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრომაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე“, – წერს მშობელი.
„კვირა“118-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
როგორც გიული შენგელია აცხადებს, ინციდენტი დაახლოებით სამი კვირის წინ, პირველი გაკვეთილის შემდგომ შესვენებაზე, მეხუთე კლასელებს შორის მოხდა, თუმცა კონფლიქტი მალევე ამოიწურა.
დირექტორის განცხადებით, მას პედაგოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული მოსწავლე გაკვეთილებს ბოლომდე დაესწრო და სკოლაში მეორე დღესაც იმყოფებოდა, თუმცა მისთვის დაზიანების კვალი არ შეუმჩნევიათ.
„როგორც შევიტყვე, ინციდენტი შესვენებაზე, საკლასო ოთახში, პირველი გაკვეთილის შემდგომ, 5-წუთიან შესვენებაზე მოხდა. მე იმ დღეს ბავშვი არ მინახავს, თუმცა, პედაგოგები ამბობენ, რომ ის გაკვეთლებს ბოლომდე დაესწრო, ბოლო გაკვეთილი დამრიგებლის ჰქონდათ. ბავშვს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა. ის მეორე დღესაც დაესწრო გაკვეთილებს. მესამე დღეს მშობელი მოვიდა და გვითხრა, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. მან ასევე მთხოვა, რომ მისი შვილი პარალელურ კლასში გადამეყვანა, თუმცა მე ავუხსენი, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ეს მეთოდი არ ამართლებს. მშობელს ვუთხარი, რომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო. ერთი კვირის მერე ბავშვი სხვა – N 119-ე საჯარო სკოლაში გადაიყვანა. ჰიპერაქტიული ბავშვია და ამავე კლასში კიდევ არის რამდენიმე ასეთი ბავშვი. რაც შეეხება ჩხუბის მიზეზს, როგორც შევიტყვე, ამისი მიზეზი უცენზურო სიტყვების თქმა გახდა, სხვა დროსაც გამოუყენებია ამ ბავშვს უცენზურო სიტყვები, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყოლია სხვა ბავშვებისგან. როგორც შევიტყვე, ეს ბავშვი 4 დღის წინ, იაშვილის კლინიკაში მოუთავსებიათ, მალევე დავურეკე მშობელს და მოვიკითხე. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ხელის შეხებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე დამირეკა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა და მივაწორე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მე და არც რომელიმე სხვა უფროსი, ფაქტს არ შევსწრებივართ“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

წყარო: "კვირა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930