გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21-05-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.


პარლამენტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მუჰაჯირობასთან დაკავშირებული თემატური ფოტოგამოფენა, ხოლო კინოდარბაზში გაიმართა ფილმის „მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში“ ჩვენება, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.


„ფოტო-გამოფენა ერთის მხრივ ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორეს მხრივ, 150-ზე მეტი წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა შეასრულა ქართული და აფხაზური სიმღერები.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930