გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: განათლება და მეცნიერება ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია, რადგანაც განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვაა

17-08-2021

„პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ახალაშენებული განათლების ქალაქი, რომელიც ბათუმში მდებარეობს და მთელს აჭარას მოემსახურება. ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომელშიც გაძლიერებული პროგრამებით მოხდება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს", – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების" ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე ისაუბრა.


სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განათლება და მეცნიერება მმართველი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია.


„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი,რადგანაც განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა.
სულ ახლახან პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ახალაშენებული განათლების ქალაქი, რომელიც ბათუმში მდებარეობს და მთელს აჭარას მოემსახურება. ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომელშიც გაძლიერებული პროგრამებით მოხდება ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს. მინდა მთელი გულით ბათუმს და მთელს აჭარას მივულოცო განათლების ქალაქის დაფუძნება, რომელიც სექტემბრიდან ახალ მოსწავლეებს მიიღებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.


როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ განათლების ხარისხზე ზრუნვა, რაც მთლიანად არის ასახული განვითარების ათწლიან გეგმაში, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გვქონდა.


მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ახალი სკოლების მშენებლობაზე და არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე. სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან. ამისი მაგალითი მრავლად არის და ეს პროცესი, რასაკვირველია, გაგრძელდება, მათ შორის ქობულეთშიც.


თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის.


როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება არის ჩვენი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თითოეულ რეგიონში აღმოცენდება კოლეჯი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული რეგიონის ადგილობრივ საჭიროებებს. ეს მოხდება ამ უმშვენიერეს მხარეშიც.


ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს და ისინი ქართველებთან ერთად დიდ როლს ითამაშებენ პროფესიული განათლების განვითარების უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში.


როდესაც განათლებისა და მეცნიერების სფეროზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა და წელს პირველი აკადემიური წელი დაასრულა. ძალიან წარმატებით დაიწყო ამ უნივერსიტეტმა თავისი აკადემიური ცხოვრება. როგორც მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ჭეშმარიტად მსოფლიო რანგის ნამდვილი ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ამ უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს კითხულობენ წამყვანი პროფესორები ცნობილი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, მათ დაემატებიან პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და იაპონიიდან. ეს უნივერსიტეტი ჭეშმარიტად უნიკალურია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უაღრესად ნიჭიერ ქობულეთელ ბავშვებს, რომლებიც შემდეგ სტუდენტები გახდებიან, საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღონ ჭეშმარიტად ევროპული განათლება.


მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისათვის აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს. ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930