20-08-2021
პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი იხსენებს, როგორ ართმევდნენ მას „ნაციონალები“ ქონებას და როგორ გაიმეტა ის გია უდესიანმა სასიკვდილოდ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიგანმა გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტთან ისაუბრა.
„გია უდესიანმა სამი - ოთხი მეტრიდან პირდაპირ შუბლში მესროლა, მაგრამ ამაცდინა. თავიდან მეგონა, მაშინებს - მეთქი. იქ იყვნენ ლადო კვარაცხელია, დათო მიქაბერიძე და სხვები. მიქაბერიძე მივარდა და ხელზე ხელი აუკრა. სულ ოთხი გასროლა იყო.
მაშინ „ნაციონალები“ მაგრად იყვნენ და არაფრის ეშინოდათ. ასულები ვიყავით ლადო კვარაცხელიას ოფისში და საქმეზე ვლაპარაკობდით. უდესიანიც მოვიდა და ძალიან არ მომეწონა, აქეთ-იქეთ დარბოდა, ორი პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი, ტელეფონით ვიღაც გენერალს ელაპარაკებოდა, მერე ვიღაც პოლკოვნიკს, მერე „ძმაოს“. ამის შემდეგ ჩვენს ლაპარაკში ერთხელ ჩაეჩხირა, გამიკვირდა, ახლო ურთიერთობა მაგასთან არასდროს მქონია, რადგან ვიცნობდი, „მხედრიონში“ იყო რაღაც წუმპე. ვთხოვე, დაბრძანდით და გვაცადეთ ლაპარაკი-მეთქი. მერე კიდევ აგრძელებდა თავისას, გვეჩხირებოდა ლაპარაკში. ჩვენ რაღაც პროექტზე ვლაპარაკობდით. თავისი საქციელით უდესიანი იმიტაციას მიქმნიდა, რომ უნდა შევეშინებინე. მესამედაც რომ გაუტია, ფეხზე წამოვდექი, უკაცრავად, თუ არ გვაცდით, მაშინ გარეთ გაბრძანდით, ტყუილად ნუ ბუტბუტებთ-მეთქი. ეს მიიღო შეურაცხყოფად, რას ჰქვია ვბუტბუტებო? ამოიღო ბიჭო იარაღი და მესროლა.
როგორც უკვე ვთქვი, მისცვივდნენ, ოთხჯერ კიდევ გაისროლა და მერე გაიყვანეს. ჩვენ დავიშალეთ, გარეთ გამოვედით, უცებ დამწვარი თმის სუნი მეცა, საფეთქელთან მოვისვი ხელი და ერთი მუჭა თმა შემრჩა ხელში. აი იქ კი მარეთლა შემეშინდა, უკვე ვიფიქრე რომ მკლავდა“ - განაცხადა გიგანმა.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით