გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებებს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მიიღებენ

22-05-2018

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, პროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას. მისი ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და იუსტიციის სახლთან, რათა იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა მიიღონ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებები შემდგომში სამინისტროში გადაგზავნის მიზნით. ამ მომსახურების გაწევისათვის დევნილები არ გადაიხდიან რაიმე მომსახურების ღირებულებას. კანონპროექტის მიღების შემდგომ მხარეებს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.


დეპუტატებმა მოისმინეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, თამთა ტეფნაძის ინფორმაციით, 2017 წელს მომხმარებელთა მხრიდან შემოსული და განხილულია 283 საჩივარი და პრეტენზია. მისი თქმით, მომართვიანობის მაჩვენებელი საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდის პარალელურად იზრდება. „ყველაზე მეტი საჩივარი განხილულ იქნა უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან მიმართებით. აქამდე არ არსებობდა ქმედითი მექანიზმი, რომლითაც მომხმარებლები შეძლებდნენ თავად გაეკონტროლებინათ მათთვის კომპანიებისგან მიწოდებული მომსახურება, თუმცა ამის შესაძლებლობა 2017 წლიდან მომხმარებლებს მიეცათ“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მან დეტალურად ისაუბრა დავის საფუძვლებზე. მისი ინფორმაციით, საჩივრების 96 % დაკმაყოფილდა. მხოლოდ 12 საჩივარზე არ დადასტურდა დარღვევა. მისივე განცხადებით, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საჩივრები ნულს უტოლდება.


საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ გააცნო. მისი განმარტებით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებისთვის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი წესდება მაშინაც კი, როცა იგი დასაქმებულია და შემოსავალი აქვს.


ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“. რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და მის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული რეგულაციების დადგენას.


კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ თანმდევ პაკეტთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარმოადგინა. პროექტით საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმაა გათვალისწინებული. მომხსენებლის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ვალდებულება იყო აღებული, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეგულირებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადებულიყო და კომიტეტს განსახილველად დღეს სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ, აუცილებელი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონის - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება, რაც ემსახურება ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას.


კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტით აგრეთვე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. სიახლეა, რომ შემოდის მართვის გამარტივებული სისტემა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა, არსებითად იცვლება ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა, ახლებურად რეგულირდება საგანგებო სიტუაციების კატეგორიები და სხვა.


კანონპროექტით უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი - პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას.


დღესვე კომიტეტმა მოისმინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017 წლის დასკვნა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ფუტკარაძემ გააცნო კომიტეტის წევრებს.
კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930