გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

23-05-2018

კონსტანტინე გამსახურდია საქართველოსა და სომხეთს იმ ორ ბედაურს ადარებდა, შუბლები ერთმანეთზე რომ ჰქონდათ მიდებული, ხოლო წიხლებით მგლების ხროვას იგერიებდნენ...


იყო დრო, როდესაც დიდი ქართველი მეფეები - დავით აღმაშენებელი, გიორგი მესამე და თამარ მეფე მზრუნველობას არ აკლებდნენ მეზობელ სომხებს. ზოგი ისტორიული წყაროს მიხედვით, დავით აღმაშენებელმა, მის მიერვე დაარსებულ გორში, მასიურად დაასახლა თურქებს გამოქცეული სომხები. მათაც ეიმედებოდათ ქართველთა უძლეველი მეფე, ნამდვილ მსხნელს ხედავდნენ მასში და ასეც იყო: დავით IV სისხლს ღვრიდა სომეხი ხალხის დამპყრობთაგან დასახსნელად.


1124 წელი საქართველოს დიდ გამარჯვებათა წელი იყო. შირვანიდან თურქების განდევნის შემდეგ, მეფე დავითმა „აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“. მერმე კი „წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის და რაც პოვა თურქმანნი მოსრა და ტყუე ჰყო“.


ამის მერე სომეხმა დიდებულებმა დავითი ანისიდან მუსლიმთა განსადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად მიიწვიეს.


„და იმ პერიოდში ანისს აბულ-ასვარი ფლობდა, რომელიც 1118 წელს ჩაენაცვლა გარდაცვლილ მამას, ანისის პატრონ მანუჩეს. აბულ-ასვარი თურმე მეტად ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად და უპატივოდ ეპყრობოდა მათ სარწმუნოებას. ჯერ იყო და ხლათიდან ვერცხლისაგან ნაჭედი უზარმაზარი ნახევარმთვარე ჩაუტანია და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაუდგმევინებია, მერე კი ანისის მიყიდვა გადაუწყვეტია 60 000 დინარად კარის (ახლანდელი ყარსი) სელჩუკი ამირასათვის.


გამწყრალან ანისელები, მაგრამ თავად ძალა არ ჰქონიათ წინააღმდეგობისა და საქართველოს მეფისთვის მიუმართავთ დახმარების სათხოვნელად.

შეებრალა დავითს გასაჭირში ჩავარდნილი მეზობელი ხალხი და კიდევ ერთხელ აღიღო მახვილი მათ დასახსნელად. სასწრაფოდ დააგზავნინა ლაშქრად წვევის წიგნები, სამ დღეში 60 000 მხედარს მოუყარა თავის და ანისისკენ დაიძრა. ხოლო კიდევ სამი დღის შემდეგ „აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი“.


ქალაქში შებრძანებულმა დავითმა აბულ-ასვარი და მანუჩეს სხვა შვილები ანისიდან გააძევა და ტფილისს გაგზავნა. მერე მიზგითად ქცეულ ტაძარს ეწვია, ისევ სომხებს გადასცა იგი და მისი აღმშენებლის, დედოფალ კატრონიკეს საფლავს, რომელიც იქვე იყო დაკრძალული, სამგზის ჩასძახა:



"გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელიდან"


შემდგომ ამისა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები მიუჩინა, ხოლო თავად ქალაქის გამგებლად კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი აბულეთი და ძე მისი ივანე დატოვა.


ამის მერე დავით აღმაშენებელმა დაიპყრო ერთ დროს სომეხ მეფეთა, კვირიკესა და აბასის კუთვნილი ვანანდისა და არარატის პროვინციები, კასპიის ზღვამდე გავიდა და ასე განათავისუფლა მეზობელი სომხეთი ქურთული წარმოშობის ფეოდალური დინასტიის, შედადიანთა მმარველობისგან.


თუმცა, ეს ქართველთა ბოლო ბრძოლა როდი იყო სომეხთა დასახმარებლად და ანისის გასათავისუფლებლად. 1199 წელს მეფე თამარმა კიდევ ერთხელ აიღო ანისი, კიდევ ერთხელ გააძევა შედადიანები იქიდან და მის მმართველებად ზაქარია და ივანე მხარგრძელები დანიშნა. ამით ანისი საქართველოს შემოუერთა და ქურთ ფეოდალ შედადიანთა დინასტიის არსებობას წერტილი დაუსვა.





sputnik-georgia.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930