გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

23-08-2021

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით, კიევში, უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ"დაესწრო. კობა კობალაძემ, მასპინძელთა თხოვნით, დამსწრეთ სიტყვით მიმართა. თავის მოხსენებაში, გენერალმა, ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისთვის მძიმე ჟამს გაწეულ დახმარებაში გამოიხატებოდა და დღემდე ასე გრძელდება.


კობა კობალაძემ, მადლიერებით გაიხსენა ის უკრაინელი მეომრები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ და ბრძოლის ველზე დაეცნენ; მან, პატივი მიაგო, იმ 11 ქართველი მებრძოლის ხსოვნასაც, რომლებიც უკრაინის ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ. გენერალმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა უკრაინელი სამხედრო მფრინავების მიმართ, რომელთაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 1993 წელს, 300-მდე გაფრენა განახორციელეს და 10 000-მდე საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე უცილობელ სიკვდილს გადაარჩინეს:''თუ ჩრდილოელ დამპყრობელს ექნება იმის ილუზია, რომ სადაც მოისურვებს, იქ დაანთებს სეპარატიზმის, ოკუპაციის ცეცხლს, წაეპოტინება ჩემ, თქვენს და სხვათა სამშობლოს და ამის გამო, დაუსჯელი დარჩება, ეს კიდევ უფრო მეტად გაუღვივებს მადას და გააჩენს რეალურ საშიშროებას, რომ ხვალ, ჩვენს ქვეყნებთან ერთად, სხვებსაც მოუწევთ საკუთარი სამშობლოს მათგან დაცვა! ეს მხოლოდ დროისა და რიგითობის საკითხია! აკი, თავის დროზე თქვა კიდეც აფხაზეთში დაღუპული შვილის საფლავთან, უკრაინელი ჯარისკაცის მამამ: ,,დღეს, თუ ჩვენ, რუსებს, გუმისთაზე ვერ შევაჩერებთ, ხვალ დნეპრთან მოგვიწევს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება,''_ განაცხადა კობა კობალაძემ.


გენერალმა, თავის გამოსვლაში, აღნიშნა ქართველ ვეტერანთა ღვაწლი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს წინაშე მათი თავდადების ღირსეულად დაფასების აუცილებლობას მომავალი თაობის პატრიოტულ აღზრდაში; ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა საკეთილდღეოდ განხორციელებულ, წარმატებულ პროექტებზე, ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დაძლევაში პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და გამოწვევების დასაძლევად ერთობლივ, სამომავლო გეგმებზე.


''მე, როგორც საქართველოს გენერალი, გავიხსენებ ჩემი ქვეყნის ეროვნული გმირის, დიდი სამხედრო მოღვაწის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეუპოვარი მებრძოლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებს, რომლებიც სანუკვარია ჩემი სამშობლოს ყველა მეომრისთვის: "არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა''. სამშობლოსათვის ბრძოლა მართლაც ხომ მარადიულია!''_ აღნიშნა დასასრულ კობა კობალაძემ.


უკრაინის ვეტერანთა საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, წელს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა. ფორუმი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა და მას ესწრებოდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წევრები, უმაღლესი სამხედრო პირები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეები, ადგილობრივი და მეგობარი ქვეყნების ვეტერანები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელები, საპატიო სტუმრები, უკრაინის საზოგადო და კულტურის მოღვაწეები.


აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ვეტერანების საქმეთა სამინისტროს შექმნასა და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, უკრაინულმა მხარემ, ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციით, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება გაიზირა, რის გამოც, სამსახურის წარმომადგენლობითი დელეგაცია რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უკრაინაში; ამავე მიზნით, საქართველოს, 2019 წელს, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრიც სტუმრობდა.


უკრაინაში თავისი ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება; იგი, ასევე, საქმიან შეხვედრას გამართავს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრთან და მასთან ერთად მოინახულებს ვეტერანთა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე მეომართა სარეაბილიტაციო და რეადაპტაციის ცენტრს, ''იარმიზს'' (''YARMIZ") რომელიც მეგობარი ქვეყნების თანადგომით შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930