გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: ზუგდიდიდან მინდა მივესალმო ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს და დავპირდე, რომ აუცილებლად გავერთიანდებით

25-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავას „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით ზუგდიდელებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, რომელიც გამოირჩევა თავისი კულტურით, ისტორიით, ბუნებით, გარემოთი, ტრადიციებით, ფოლკლორით, სამზარეულოთი.


რა თქმა უნდა, გამორჩეულია იმ ისტორიული მნიშვნელობით, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ატარებდა და ატარებს ზუგდიდი. იგი ყოველთვის იყო ქალაქი, მე ვიტყოდი ბოლო ბასტიონი, როდესაც მტერი სწორედ აქ , ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდა, სადაც მარცხდებოდა კიდეც.


ამ მხრივ, ზუგდიდს დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული და სამწუხაროდ, ყველაზე დიდი დარტყმებიც სამეგრელოზე და ზუგდიდზე მოდიოდა.


ენგურის ხიდზე ვიყავით, ძალიან მძიმე საყურებელია ჩვენი თანამოქალაქეები როგორ გადადიან ამ ხიდს. ზუგდიდიდან მინდა მივესალმო ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს და დავპირდე მათ, რომ აუცილებლად გავერთიანდებით, გავმთლიანდებით და ამას მოვახერხებთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით ძლიერები და როდესაც ისინი ნახავენ, რომ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პერსპექტივა შეუქცევადია და პირველ რიგში, ეს აქ, ამ რეგიონში უნდა დავამტკიცოთ, თუ რამდენად ძლიერები ვართ და შეგვიძლია სტაბილურად, მშვიდობიანად განვითარება, ფიქრი მომავალზე, კიდევ უფრო დიდ პროგრესზე და რაც ყველაზე მთავარია, საფუძველი დავუდოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, იმ ისტორიული არჩევანის საბოლოოდ განხორციელებას, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა.


2024 წელს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ევროკავშირის წევრობა ნამდვილად მიღწევადია, ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული.


როდესაც ვიყავით ერთ მუშტად შეკრული, ქართველებს ვერასოდეს ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება ყოველთვის.


სამეგრელოს პოტენციალი ყველა მიმართლებით განუსაზღვრელია და ვალდებული ვართ ეს შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს დავეხმაროთ პოტენციალის გამოყენებაში იქნება ეს ცენტრალური, თუ ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნები, რომელიც ახლოვდება. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნება თქვენი მერი, ვინ იქნებიან თქვენი საკრებულოს წევრები.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება. იგი პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო კონსესუსის საფუძველზე, მათ შორის ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით და ფაქტიურად, გამორიცხავს პროვოკაციულ ქმედებებს.


ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ ეს რეგიონი, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა და ზუსტად ეს არის ჩვენი სიძლიერე, რომ თვალი გავუსწოროთ ამ გამოწვევებს, სიძნელეებს და ვიბრძოლოთ ერთად მათთან გასამკლავებლად.


ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს - არჩევანს უკეთესი მომავლისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ.


ჩვენ გვყავს ძლიერი კანდიდატი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ ვისაუბროთ ყველა იმ განხორციელებულ პროექტზე და შედეგებზე, რომელსაც ერთად მივაღწევთ“ - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930