26-08-2021
„მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას" და ჩვენს გუნდს უცხადებთ. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, რომ გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო და შევძლოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართულმა ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტაბილური, თანმიმდევრული სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად, ხელშესახები შედეგები მთელს ქვეყანაში სახეზეა. ამავე დროს, გამოკვეთლია ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას, თითოეულ რეგიონს გააჩნია.
„როდესაც ვსაუბრობთ წალენჯიხის სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის დარგი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა - ეს არის თხილის წარმოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო წლებში ვაწყდებოდით განსაკურებულად დიდ გამოწვევას, რომელიც უკავშრდებოდა ხარისხიანი მოსავლის მიღებას, მავნებელთან ბრძოლას, რომელიც დიდწილად დავძლიეთ.
საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის, აზიური ფაროსანას დაძლევა მოახერხა სახელმწიფოს უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების შედეგად. თუმცა, საბოლოო გამარჯვება მიღწეული იქნება მხოლოდ ერთად, ერთობლივი ჩართულობით და იმ შემთვევაში, თუ თითოეული ოჯახი, თითეული ფერმერი მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ამ სექტორის მხარდაჭერას, ფაროსანასთან ბრძოლას იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, მაღალ ფასად მოვახდინოთ ამ მოსავლის რეალიზება და უფრო მეტი შემოსავალი შევიდეს ჩვენი ფერმერების ოჯახებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.