გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მუდმივი რევოლუციების შეძახილების ფონზე ჩვენი ქვეყნის გაერთიანება როგორ წარმოგიდგენიათ?

26-08-2021

ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო უმძიმესი შეცდომებიც, იყო სამოქალაქო დაპირისპირებაც, ომიც, ომი რუსეთთან, დროებით დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი და ოსეთი-ცხინვალის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ტკივილია. ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვსწავლობთ და მივდივართ წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი, მშვიდობიანი პერიოდის და თავისუფლების მოტანა მოქალაქეებისთვის.


„ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არის უნიკალური პერიოდი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, მეგობრებო. ყველა მმართველის დროს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენ ომი გვქონდა არა მხოლოდ მომხდურ მტერთან, არამედ შიდა ომიც, რამაც გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ჩვენი მოსახლეობისთვის და ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად მაშინ, ვთქვათ პირდაპირ - რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი დაზარალდა, დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან, დამთავრებული 2008 წლის ომით. მანამდე დაანგრიეს ქარხნები, ფაბრიკები დაშალეს, ათასობით და მილიონობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ეს მართლაც კატასტროფა იყო. კატასტროფული შედეგები მივიღეთ ჩვენ ყველამ ერთად ამ შიდა არეულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაკლია დღეს, არის სწორედ ერთობა. რა გზავნილს ვუგზავნით, რა გზავნილს ვთავაზობთ ჩვენს აფხაზებს, ჩვენს ოსებს, ძმებს და დებს, როცა ისინი უყურებენ, რომ ჩვენ შიგნით ვართ ასეთი არეულები და ერთმანეთში ვერ ჩამოვყალიბებულვართ რა გვინდა, როგორ გვინდა, საით გვინდა და მუდმივი რევოლუციების შეძახილებით, ამ შეძახილების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება?! და შეხედეთ მაშინ პოლიტიკოსების რიტორიკას, ძალიან მარტივი ექსპერიმენტი შეიძლება ჩავატაროთ ჩვენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში რომელს უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - არც ერთს ალბათ, გარდა ჩვენი გუნდის წევრებისა. მათი ამოცანა ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და ტერიტორიების 20% გადასცეს რუსეთს. რუსეთის ოკუპაციას წინ ვერ აღუდგნენ და სწორედ ის დიდი პროვოკაცია ვერ აირიდეს თავიდან. შესაბამისად, მეგობრებო ის ძალა, რომელმაც ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ასეთი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა და ოკუპაცია, დაგვაკარგვინა კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას?! თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალა როგორღაც, რევოლუციის გზით დაბრუნდა საქართველოში ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვას, უფრო მეტ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არასოდეს არ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში. ჩვენი ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ ხელისუფლებაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930