26-08-2021
„სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მარტვილში ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია, საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ" - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მარტვილში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია წარადგინა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ უაღრესად ლამაზ ადგილას, რომელსაც ძალიან დიდი აკადემიური ტრადიციები გააჩნია, სადაც არაერთი უნიჭიერესი მოქალაქე და თაობაა აღზრდილი და ასევე ძალიან კარგი ახალი თაობა იზრდება.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი.
სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლა სრულად რეაბილიტირდა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.
რაც შეეხება კონკრეტულად მარტვილს, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, პროფესიულ სასწავლებლებს. მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების აღმშენებლობით არის დაკავებული.
ბატონმა პრემიერმა ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე".
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარტვილში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს. პროექტი გულისხმობს სკოლებში პროფესიული პროგრამების განვითარებას. მარტვილში აქცენტი გაკეთდება ტურიზმის მიმართულებაზე.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა.
"როდესაც განათლების სფეროზე ვსაუბრობთ, მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა. ამ მსოფლიო დონისა და ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე, სადაც ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს უკვე კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
ეს უნივერსიტეტი ემსახურება მთელ საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერ მარტვილელთა არაერთი თაობა აღიზრდება ამ უნივერსიტეტში და მიიღებს ევროპულ განათლებას.
ძვირფასო მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო თავის მხრივ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ჩვენი რეფორმის წარმატებასა და ხარისხიანი განათლების დამკვიდრებაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ჩვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს!" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.